პრეზიდენტის მოხსენება

პრეზიდენტი: მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩემი პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხოლოდ "სასამართლოს მიმართ ნდობის გამყარების და გაძლიერების" საზომით იმსჯელებს მოსამართლეების განწესებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებზე მუშაობისას. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის პირადი შეხედულებების გაჟღერება მიუღებელია, რამეთუ ეს იქნება  ჩარევა სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციაში". მისი თქმით, "ერთადერთი რამ, რაც პრეზიდენტს შეუძლია, შეახსენოს ყველა მოსამართლეს, რომ მათ პროფესიის შესაფერ ისი თავშეკავება ევალებათ. მიუღებელია მათგან პოლიტიკური განცხადებები. ეს უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე".

"მოგეხსენებათ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს უჭერს ვენეციის კომისიაც. ასევე, უვადოდ დანიშვნის პრაქტიკა არსებობს რიგ ქვეყნებში, თუმცა მათი შერჩევის პროცედურები ძალიან მაღალი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით ხასიათდება.

ამ საკითხის სიფაქიზიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება არ ივარგებს. საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანო პასუხისმგებელია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, გაითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე უკეთ მოერგება ქართულ რეალობას. ამის შედეგი  სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება იქნება. ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე გადის.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ გამართული ყველა ჩემი შეხვედრის დროს ჩვენი პარტნიორები ხაზს უსვამენ სასამართლო რეფორმის გაგრძელებისა და სასამართლო სისტემის მდგრადობის მნიშვნელობას. მე ამ პროცესს დიდი ყურადღებით ვაკვირდები" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანმა სიამ "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება გამოიწვია. შედეგად, უმრავლესობა დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ და სხვა დეპუტატებმა. ამასთან, კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა უკმაყოფილებას იწვევდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებშიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატით უკმაყოფილოა ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

კომენტარები