დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაში გადავიდნენ

პარლამენტში "სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის" ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა, და ამავე ფრაქციის წევრმა, მირიან წიკლაურმა, ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვეს და "ფრაქცია პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანდნენ. 
 
ინფორმაცია ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ტაბულას დაუდასტურა. 

როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ტაბულასთან საუბრისას განმარტავს, ფრაქციას სახელი გადაერქვა და ახლა "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები" ეწოდება. 

ტაბულას კითხვაზე, რამდენად მოდის თანხვედრაში პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ხედვა სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიასთან, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ ისინი თანხმდებიან ისეთ ზოგად საკითხებზე, როგორიც არის საშუალოზე დაბალი ფენის მოსახლეობის მხარდაჭერა, პატრიოტიზმი და ეროვნული ღირებულებები და სოლიდარობა. 

"ეს არის საპარლამენტო ფორმატი, სადაც ჩვენ გადავედით და არ არის აუცილებელი, რომ ჩვენი შეხედულებები სრულად ერთმანეთს ეთანხმებოდეს. თუმცა, რიგ მიმართულებებში მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, მუშაობა. ამ წუთში ასეა, რომ საპარლამენტო ფორმატში გავაგრძელებთ საქმიანობას, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ შეიძლება კოორდინირებული იქნას ეს ჩვენი პლატფორმები. ზოგადად, ჩვენი პლატფორმა საშუალოზე დაბალი ფენის მხარდაჭერისა არის გაზიარებული პატრიოტთა ალიანსის მიერ. პატრიოტიზმს და ეროვნულ ღირებულებებს ჩვენც ვიზიარებთ. ოღონდ, ჩვენი პატრიოტიზმი არ არის რეტროსპექტრული და მიმართული დავით აღმაშენებელზე და ფარნავაზზე. მიმართულია დღევანდელობაზე და მომავალზე. სოლიდარობის პრინციპი არც მათთვის არის უცხო. უფრო ვრცლად შინაარსობრივ საკითხებზე უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ, ზოგადად ასეა,"- ამბობს გია ჟორჟოლიანი. 

გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის გარდა, ქართული ოცნების უმრავლესობა დატოვეს ზვიად კვაჭანტირაძემ, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

კომენტარები