დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ეკა ბესელიას არ ჰგონია, რომ ე.წ. "ახლების გუნდი" ივანიშვილის არჩევანია

facebook.com/ekaterine.beselia

ეკა ბესელიას არ ჰგონია, რომ ქართული ოცნებაში დაპირისპირების პროცესში ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. "ახლების გუნდი" აირჩია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას: "რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა ის გუნდი?"

"აირჩია კი? დღევანდელი დღით ნუ გადავწყვეტთ პოლიტიკური პროცესების მომავალს, მე არ მგონია, რომ ეს არის მისი არჩევანი. თუ ვინმეს ჰქონია და ამით იმშვიდებს თავს, ისინი ცდებიან. მე მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადაფასდება და ის ადამიანები, რომლებმაც შიგნიდან დაიწყეს ქართული ოცნების ნგრევა და გადაწყვიტეს, რომ მათ თავიანთი პირადი და არაჯანსაღი ინტერესებით უნდა მოეხდინათ პარლამენტში საკუთარი შესაძლებლობების მორგება ამ ინტერესებთან, ამ ადამიანებს თავისი ადგილი ექნებათ. ჩემი კონფლიქტი არ არის უმრავლესობასთან, ჩემი კონფლიქტი არის ქართულ ოცნებაში შემოსულ ნაციონალური მოძრაობის ნარჩენებთან. ვინც ასეთად მიიჩნევს თავს, მან მიპასუხოს, ვინც არ მიიჩნევს, დამშვიდდეს და ნუ დაიღლება ჩემთან ოპონირებით", - თქვა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან ღია მხარდაჭერას, დეპუტატმა უპასუხა:

"მე არ ველოდები მხარდაჭერას არავისგან, გარდა ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისა".

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

კომენტარები