თიბისი ბანკის საქმე

ხაზარაძე: კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ TBC-ს პარლამენტში განხილვით რამე ზიანი მიადგებოდა

ტვ პირველი

თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, თითქოს საჯარო განხილვით ბანკი დაზარალდებოდა.

"ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და სერიოზული, ბოტების თუ სხვადასხვა ფეიქ ნიუსებით შემოტევა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ერთადერთი ადგილი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი, სადაც ქართველ ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მივცემდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ ხელთ არის და რომელიც ამ ისტორიას ახლავს. კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა ჩვენი აქ გამოსვლით [თიბისი ბანკს]. სამწუხაროდ კომიტეტი დაიხურა, რამეთუ ზიანი, რომელიც შეიძლებოდა მიყენებულიყო TBC-ზე და მთლიანად საქართველოს იმიჯზე... ჩვენ აქ არ ვართ მოსულები, როგორც კერძო ბიზნესმენები, საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს და აღარ ეხება თიბისის, ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას და თუ თქვენ მოიკითხავთ მსოფლიოს ნებისმიერ სააგენტოში, თუ რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან", - თქვა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, აქვთ შეხვედრები წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან და მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ ეს არის.

მამუკა ხაზარაძემ დღეს ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში მოწვევა უმრავლესობისა და უმცირესობისგან მიიღეს და ასე რომ არ ყოფილიყო, მისვლას მოერიდებოდნენ, რადგან ისინი პოლიტიკოსები არ არიან.

"მე და ჩემი პარტნიორი ვიყავით მოწვეული პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე. ეს მოწვევა ჩვენ მივიღეთ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვედრიდებოთ აქ მოსვლას, რამეთუ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის ჩვენ არ გვჭირდება ტრიბუნა", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინათ, სადაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებიც იყვნენ მიწვეულები. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა

რომან კაკულიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქართული ოცნების წევრებმა კომიტეტზე მათთვის გამოყოფილი დრო მთლიანად დაუთმეს იმის განხილვას, უნდა ესაუბრა თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს თიბისი ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კომიტეტის ფორმატში. 

მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ გვენეტაძეს დეპუტატის კითხვებისთვის არ უნდა ეპასუხა, ვინაიდან ეს შესაძლოა საფინანსო სექტორისთვის დამაზიანებელი აღმოჩენილიყო.  ასეთივე განცხადება გააკეთა კობა გვენეტაძემ თვის შესავალ მოხსენებაში. ოპოზიცია გვენეტაძის და მმართველი გუნდის ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, 25 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში TBC ბანკის შესახებ დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, თუმცა ის დისკუსიაზე მაინც მივიდა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება უკვე მეორედ დისკუსიაში მონაწილეობის შესახებ, გვენეტაძემ უპასუხა, რომ რადგან საპარლამენტო კომიტეტმა არ გაიზიარა მისი მოსაზრება და დისკუსია მაინც ჩანიშნა, ამიტომაც გადაწყვიტა მასში მონაწილეობა. 

კომენტარები