ბექა ნაცვლიშვილი

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

პარლამენტი

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მან ასევე დატოვა ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები", რომლის თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. 

მიზეზად მისი საკანონმდებლო ინიციატივა გახდა, რომელიც უკვე მიღებულ კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ რიგი ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. ცვლილებებს მხარი 42-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგ წავიდა. ეს ცვლილებების დასამტკიცებლად საკმარისი არ არის. 

"მე დავტოვე საპარლამენტო უმრავლესობაც, ფრაქციაც და შესაბამისად, ვაგრძელებ პარლამენტში დამოუკიდებლად მუშაობას. ალიანსში არავისთან არ შევდივარ. ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, რომ დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას. თუ იქნება ისეთი საკითხები, რომელსც მე მხარს ვუჭერ, ჩემგან მხარდაჭერა ექნებათ. თუ მეც დავაყენებ ისეთ ინიციატივებს, რომელიც მხარდაჭერას მოიპოვებს, აქ არ იქნება გარჩევა იმისა, ვინ რომელი პარტიის და ფრაქციის წარმომადგენელია. 

ძალიან ცოტა ადამიანისგან მოვისმინე არგუმენტი, დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, მაგრამ ეს არის ძალიან უხერხული მდგომარეობა, როცა არგუმენტებს არ ეუბნები ადამიანს და შესაბამისად, მხარს არ უჭერ. 

უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ინდივიდუალიზმს. მე მქონდა ინიციატივა, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას და სახელმწიფოს ერად ჩამოყალიბებას ეფუძნებოდა", - თქვა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან. 

ბექა ნაცვლიშვილმა თავის ინიციატივაზე დღეს, პლენარულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა. მან თქვა, რომ საპენსიო რეფორმას ბევრი ხარვეზი აქვს. 

მან თქვა: 

"პენსია ადრე ეს იყო სოციალური დახმარება ასაკით პენსიონერებისთვის. მივესალმები, მაგრამ ამოქმედებულ ვარიანტს აქვს ბევრი ხარვეზი. ეს არის სახელფასო უთანასწორობა.

მეორე ხარვეზი - ეს პენსია ამოქმედდება 25 წლის შემდეგ, რადგან მხოლოდ 40 წლამდე ადამიანებისთვის არის სავალდებულო.

მესამე ხარვეზი - არაფერია ნათქვამი საბაზისო პენსიის ზრდაზე. საბაზისო პენსია რჩება 200 ლარი და არ იზრდება.

არაფერია ნათქვამი მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებული ადამიანებზე - რომ მათ უფრო ადრე მიეცეთ პენსიაზე გასვლის შესაძლებლობა.

კიდევ ერთი ხარვეზი - როდესაც ადამიანი პენსიაზე გავა, თვითონ უნდა აირჩიოს, რამდენი ხნის განმავლობაში აიღებს თავის დაგროვებულ თანხას, ანუ თვითონ უნდა იცოდეს, რამდენი ხანი იცოცხლებს. ანუ თუ 10 წელზე გადაანაწილებს, მაგრამ იცოცხლა 15 წელი, იმ 5 წელიწადში ვერაფერს მიიღებს და ეს უნდა შეიცვალოს". 

მისი შეთავაზებული ვარიანტით: 

"ადამიანები, ვინც ვერ ჩაერთვებიან სქემაში და დღეს არიან პენსიაზე, მიიღებენ ყოველწლიურად გაზრდილ პენსიას ინფლაციის გათვალისწინებით +3%

ვინც სქემაში ჩაერთვება, მათთვისაც იქნება საბაზისო პენსია და იქნება 3+1%. 2020 წელს პენსია იქნება 212 ლარი საბაზისო. 2025 წელს იქნება - 284 ლარი, 2028 წელს პენსია იქნება 319 ლარი.

ანუ პენსია ყოველწლიურად, კანონით გარანტირებული პრინციპით იზრდება. ეს მოსპობს სპეკულაციებს საბაზისო პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით და ამას დაუქვემდებარებს კანონს, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს, უარი თქვას პენსიის გაზრდაზე და იზრდებოდეს პერმანენტულად". 

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. 

რა არის დაგროვებითი პენსია?

2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. ამავე კანონის საფუძველზე სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

საპენსიო სქემაში ერთვება ყველა მოქალაქე, რომელიც ანაზღაურებას საკონტრაქტო ურთიერთობის შედეგად იღებს. იმ პირებისთვის, ვინც 2018 წლის 1 აგვისტომდე გახდა 40 წლის, სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, ხოლო 40 წელს მიუღწეველი დასაქმებულები ვალდებულები არიან კანონის ამოქმედებისთანავე ჩაერთონ დაგროვებით საპენსიო სისტემაში. საპენსიო სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისთვის.

დაგროვებით პენსიაში მონაწილე მოქალაქეს ხელფასიდან ეჭრება მთლიანი ანაზღაურების 2%, 2%-ის გადახდის ვალდებულება აქვს მის დამსაქმებელსაც, ხოლო 2%-ს იხდის სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იმ შემთხვევაში, თუ მისი მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა 24.000 ლარზე მეტი არ არის. თუ დასაქმებულის წლიური ჯამური ხელფასი 24.000 ლარზე მეტი და 60.000 ლარზე ნაკლებია, მას ბიუჯეტიდან 1% ერიცხება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წლიური ანაზღაურება 60.000 ლარზე მეტია, სახელმწიფო საპენსიო სისტემის მონაწილეს თანხას არ ურიცხავს.

კანონის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის სისტემის მონაწილეს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როდესაც პირი დასაქმებული არ არის, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

გარდა ამისა, პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მიერ დაზოგილი თანხა მის მემკვიდრეს გადაეცემა. კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას დაზოგილი თანხა მონაწილემ ნაადრევად მიიღოს თუ იგი შშმ პირი გახდება. დაზოგილი თანხის ნაადრევად მიღების უფლება ასევე ეძლევა მონაწილეს, თუ იგი საქართველოს სამუდამოდ დატოვებას გადაწყვეტს.

საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ფორმულა, რომლითაც შესაძლებელია ხელფასის, ასაკის და სქესის მითითებით მომავალი დაგროვილი პენსიის დაახლოებითი ოდენობის გაგება.

კომენტარები