ბესელიას და ოცნების დეპუტატების ნაწილის კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ითხოვდა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე გადადებულიყო. ამ პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის 8 წევრი იზიარებს: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე და ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრი დავით ჭიჭინაძე.
დღევანდელ სხდომაზე ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდა.
კანონპროექტს მხარს ევროპული საქართველო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც უჭერდა.
საკანონმდებლო ინიციატივა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს. ინიციატორები აღნიშნავენ, რომ ამის შესაძლებლობას საქართველოს ახალი კონსტიტუცია იძლევა.
ბესელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის შედეგებზე იქნებოდა დამოკიდებულება მისი გადაწყვეტილება, დატოვებდა თუ არა ქართულ ოცნებას.





