სასამართლო სისტემა

წულუკიანი: პოლიტიკური დებატები მოსამართლეების ფუნქცია არ არის, ეს მართლმსაჯულებას აზიანებს

იმედი

იუსტიციის მინისტრის თქმით, ახლა მთავარია, დროულად გამოჩნდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც მედიასთან სპიკერიც იქნება, იმიტომ რომ პოლიტიკური დებატები რიგითი მოსამართლეების ფუნქცია არ არის. 

"რაკი ჩემს სუბიექტურ აზრებზე მკითხეთ, ყველაზე მთავარია, ვინ შეცვლის ქალბატონ ნინოს (ნინო გვენეტაძე. უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე), იმიტომ რომ ის მოსამართლეები, რომლებსაც დღეს უწევთ პასუხები და პოლიტიკურ დებატებში შესვლა, ვფიქრობ, ეს მათი როლი და ფუნქცია არ არის, მათ პოლიტიკური დებატის გამოცდილება არ აქვთ, ეს ყოველი მათი გამოსვლისას ჩანს. არის ხოლმე გამონათქვამები, რიტორიკა, სტილი, რომელიც ისევ მართლმსაჯულებას აზიანებს, ამიტომ საშურია, რომ მალე გაჩნდეს ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ სპიკერიც იქნება, მათ უფლებებსაც და ინტერესს დაიცავს. რომელიც რეფორმებს გაატარებს თუ გაატარებინებს თავის კოლეგებს.

რა თქმა უნდა ჩემთვის, კრიტერიუმი მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც ქალბატონ ნინოს შევყურებდი დიდი იმედით და მინდოდა რაც შეიძლება ხანგრძლივად დარჩენილიყო ის ჩვენთან, ასევე იმედით შევყურებ, ვინ იქნება შემდეგი ხელმძღვანელი", - თქვა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის აუცილებლობა დაასახელა.

ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთანავე შევიდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი არა პრეზიდენტის, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით აირჩევს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10 თანამდებობაზე 10 მოსამართლე წარადგინა, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. პარალელურად კი ფეისბუქზე რამდენიმე მოსამართლის/კანდიდატის გვერდი გაჩნდა, რომელსაც მოსამართლეები აქტიურად იყენებენ ოპონენტების საპასუხოდ ვრცელი განცხადებების გასავრცელებლად, მათ შორის არიან დიმიტრი გვრიტიშვილი და სერგო მეთოფიშვილი

კომენტარები