გიორგი მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი: მას უჭირს მეტყველება, ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურებს

"შეხვედრა მქონდა იმ ექიმებთან, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ მის შემოწმებას, რომლებმაც მითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში მან იგრძნო გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილები, პრობლემები შეექმნა ასევე მეტყველებაზე, რის გამოც გადმოყვანილია აღნიშნულ საავადმყოფოში. ახლანდელი მდგომარეობით, ასევე მარჯვენა კიდურების პრობლემა აქვს, ვერ ამოძრავებს კარგად", - ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ადვოკატის შეფასებით, გიორგი მამალაძის მდგომარეობა ბევრად მძიმეა, სასჯელაღსრულების პირველად დიაგნოზთან შედარებით, -"ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ მაქვს ვარაუდი, რომ ბევრად მძიმე მდგომარეობაა. ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი, მაგრამ ის, რომ აქვს მარჯვენა კიდურების და მეტყველების პრობლემა აქვს, ასევე აქვს ძლიერი ტკივილები, ეს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობაზე მეტყველებს."

მისივე ცნობით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მას უახლოესი დღეები კლინიკაში დარჩენა მოუწევს, - "ჯერჯერობით ზედმეტია საუბარი მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე. ადვოკატებმა მოვითხოვეთ, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა მოგვეცეს. ექიმებმა და სასჯელაღსრულების უწყების წარმომადგენლებმა გვითხრეს, როგორც კი პალატაში გადაიყვანენ, მოგვეცემა დეკანოზის ნახვის საშუალება. შესაძლოა, ის ამაღამ გადაიყვანონ პალატაში."

ადვოკატის ინფორმაციით, მამალაძე ამ დროისათვის გონზეა და არ არის მართვით სუნთქვაზე შეერთებული, მაგრამ დღის მეორე ნახევარში მან რამდენჯერმე დაკარგა გონება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში, ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევის დიაგნოზით გადაიყვანეს.

ცნობისთვის, პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება-ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირდა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის პირველ აგვისტოს კი უზენაესმა მამალძის ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რითაც სააპელაციოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები