საბანკო ასოციაცია: მხარს ვუჭერთ თიბისი ბანკს და ყველა თიბისელს

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, "მხარს ვუჭერთ TBC ბანკს და ყველა თიბისელს". ამასთან, ასოციაციის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას TBC ბანკის სამომავლო განვითარებაზე. შეგახსენებთ, რომ სებ-მა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევა მოითხოვა.

"თიბისი ბანკი არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. თიბისი ბანკი ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე. მისასალმებელია თიბისი ბანკის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს თიბისი ბანკს და ყველა თიბისელს და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან" - ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის გაუქმების გადაწყვეტილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის 13 თებერვლის სხდომაზე მიიღო. ეროვნული ბანკი ასევე ადასტურებს, რომ თიბისი ბანკის აუქციონერთა კრებას 2-თვიანი ვადა მიეცა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის. 

"ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა. აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე" - აცხადებს სებ-ი.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა. მისი თქმით, "არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ "თიბისის" და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში".

კომენტარები