იარაღის ამოღება

შსს: სარფთან თურქეთში გასაყიდად გამზადებული 7030 ვაზნა ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი

შსს

პოლიციამ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან თურქეთში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატი და 7 030 ვაზნა ამოიღო. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. 

“სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი 
სამალავიდან, თურქეთის რესპუბლიკაში სარეალიზაციოდ გამზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 7 030 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო” - აცხადებს შსს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალდება 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები