პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვისა და გავრცელებისთვის კიდევ 1 პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, კიდევ ერთი პირი – 1975 წელს დაბადებული ზ.ლ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკა ჩაატარა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები",- აცხადებენ შსს-ში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული. 

კომენტარები