დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

წულუკიანი "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირებაზე: დღევანდელი პროცესი ყველასთვის დამანგრეველია

თეა წულუკიანი
ტაბულა

იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე დაპირისპირებიდან გამოსავალი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობაა. იუსტიციის მინისტრის თქმით, მსჯელობა უფრო ჯანსაღ ტალღაზე უნდა დაბრუნდეს, რადგან დღევანდელი პროცესი "ყველასთვის დამანგრეველია".

"სახეზეა ძალიან კომპლექსური და მწვავე პროცესი, სადაც იკვეთება არა ერთი ან ორი, არამედ მრავალი პროფესიული და პოლიტიკური ინტერესი და გამოსავალი თითქოს არ ჩანს, მაგრამ გამოსავალს მე მაინც ვხედავ იმაში, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, იქნება ეს დეპუტატი უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი საბჭოსი, თავად მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ყველა დასხდეს მაგიდასთან იმ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ. ვისაუბროთ, იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც ბოლო დღეებია აღარავინ ახსენებს თითქოს ყდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დავაბრუნოთ ყველამ ერთად ეს პროცესი უფრო ჯანსაღ ტალღაზე. ეს მნიშვნელოვანია ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ დღევანდელი პროცესი, რასაც ვუყურებ, ვფიქრობ ყველასათვის დამანგრეველია, იქნება ეს სასამართლო, პარლამენტი თუ თავად არასამთავრობო სექტორი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - ამბობს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს. უმრავლესობის და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების ნაწილი ინიციატივას არ ეთანხმება.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები