უზენაესი სასამართლო

ზარდიაშვილი: მოსამართლეებს ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას შევხვდი

ტაბულა

მოსამართლეებთან ფარულ შეხვედრაზე საუბარი არის ზედმეტი- ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ვანო ზარდიაშვილმა თქვა. 

დეპუტატი ამბობს, რომ რატომ ხვდებით სკვერში და ფარულად, კითხვის შინაარსი თავიდანვე დამახინჯებულია.

"შეხვედრა მოხდა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას და იქ საერთოდ სკვერიც არ იყო. ეს იყო პირველი სკოლის ხედი. აქედან გამომდინარე ფარულ შეხვედრებზე საუბარი არის ზედმეტი",- ამბობს ზარდიაშვილი. 

კითხვაზე მართავს თუ არა ვანო ზარდიაშვილი სასამართლოს, დეპუტატმა ამ ფაქტს აბსურდული უწოდა. 

"ეს არის აბსურდული, ეს არის თითქმის შეუძლებელი, ვინც იცნობს კონსტიტუციას, ვინც იცნობს სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ის ადამიანი ამოიკითხავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური ბრალდებები და ცილისწამება და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი ფუნქცია ან განხორციელების შესაძლებლობა",- ამბობს ის. 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი პარლამენტის ძველ შენობასთან სკვერში მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 28 იანვრის საღამოს შეხვდა. 

მეორე დღეს, ზარდიაშვილმა თქვა, რომ გავლენიან მოსამართლეებს მეგობრის ოჯახის წევრის გარდაცვალების საკითხზე ესაუბრებოდა.

ტაბულას წყაროს მიერ გადაღებულ ფოტოებზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან. 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ზემოთ დასახელებულ მოსამართლეებს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და სასამართლო სისტემაში მათ უვადოდ დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. 

კომენტარები