მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

გვრიტიშვილი: მაქვს განცდა, რომ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა!

რუსთავი 2

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე, დიმიტრი გვრიტიშვილი ეხმაურება დეპუტატების ნაწილის ინიციატივას, რომლის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის ბოლომდე უნდა შეჩერდეს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა და სააკაშვილის წარსულს აბრუნებენ.

"ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, "სამართლიანობის აღდგენის" განზრახვით, ჩვენ ხომ "სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს", "ანასხლეტებს" გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ! არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ "სააკაშვილის" წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე!

მართლაც პროგრესული ყველა სუბიექტი ერთხმად აღიარებს, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის ძირითადი წინაპირობაა! სწორედ ამიტომ მოიწონა ვენეციის კომისიამ საქართველოში 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ძირითადი, ისტორიული მიღწევა ყველა დონის (მათ შორის - უზენაეს) სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღებაა!", - წერს გვრიტიშვილი ფეისბუქზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ვინც ამტკიცებს, რომ "განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით" პროგრესი მიიღწევა, თვალთმაქცობს.

"თვალთმაქცობს ის, ვინც ამტკიცებს, რომ წარსულის შემობრუნებით და განსაზღვრული ვადით მოსამართლეთა დანიშვნების აღდგენით მიიღწევა პროგრესი. აბსურდია! მიჩნდება განცდა, რომ მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა! ურჩევნიათ ვადით მოწყვლადი მოსამართლეები, რომლებიც ანგარიშს გაუწევენ მავანთ, უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისათვის", - წერს გვრიტიშვილი.

უვადოდ დანიშნული მოსამართლე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება, "რომელმაც მანამდე არნახული, უპრეცენდენტო გარანტიები შექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, არ დაუშვებს იმ წარსულის დაბრუნებას, რომელსაც თავად ამ ინიციატივის ავტორებიც კი მიიჩნევენ უარყოფითად და "გადმონაშთად".

ეკა ბესელიას და ათამდე დეპუტატის ინიციატივას დღეს ფეისბუქზე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილიც. ის წერს, რომ დეპუტატების ინიციატივა დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას. გარდა ამისა, მოსამართლის აზრით, ბესელიას და მისი თანამოაზრეების ქცევა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე თავდასხმაა და მოუწოდებს მათ შეწყვიტონ თავდასხმა და მუქარა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები