მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

მოსამართლე მეთოფიშვილი: რატომ ებრძვიან ჯანსაღ სასამართლო სისტემას? - გავლენის მოპოვება უნდათ

1tv.ge

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე, სერგო მეთოფიშვილი ეხმაურება დეპუტატების ნაწილის ინიციატივას, რომლის მიხედვით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის ბოლომდე უნდა შეჩერდეს.

მეთოფიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრე დეპუტატების ქცევა დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე თავდასხმაა და მოუწოდებს მათ შეწყვიტონ თავდასხმა და მუქარა.

"მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას და ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!! შეწყვიტეთ თავდასხმა!!! შეწყვიტეთ მუქარა!", - წერს მოსამართლე ფეისბუქზე.

მისივე თქმით, დეპუტატების ინიციატივა დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკას.

"დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერების თაობაზე, და საერთოდ ბესელიას და მისნაირი პოლიტიკოსების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები და ზოგადად მათი სასამართლო ხელისუფლებისადმი მიდგომა და დამოკიდებულება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას და გარდა იმისა, რომ არის დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივი, ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას", - წერს მეთოფიშვილი.

​მას ამის დასტურად ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნა მოჰყავს, საიდანაც რამდენიმე პუნქტს გამოყოფს, რომლებიც, მისი თქმით, იძლევიან შემდეგ რეკომენდაციებს:

"1. მოსამართლეთა დამოუკიდებლობა ემსახურება საზოგადოებას, ანუ ხალხს! და არა მოსამართლეებს, დეპუტატებს, მთავრობას ან პოლიტიკურ პარტიებს!
2. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა კონსტიტუციით უნდა იყოს გარანტირებული!
3. უნდა გამოირიცხოს მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურება ვიწრო პარტიული პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე!
4. იმისათვის, რომ გამოირიცხოს პოლიტიკური გავლენა მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურების საკითხში, აღნიშნული უფლებამოსილება არ უნდა განახორციელოს არც საკანონმდებლო ხელისუფლებამ, არც მთავრობამ, ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა გადაეცეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ორგანოს, რომლის შემადგენლობის სულ მცირე ნახევარზე მეტი წარმოადგენს საკუთარი კოლეგების მიერ არჩეულ მოსამართლეებს.(საქართველოს სინამდვილეში ასეთი ორგანო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო!!!)
5. მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს ელემენტს უნდა წარმოადგენდეს!
6. მოსამართლეთა სამუდამოდ (საპენსიო ასაკის მიღწევამდე ვადით) დანიშვნა ყველაზე ნაკლებ პრობლემას ქმნის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით!", - წერს მოსამართლე.

აქედან გამომდინარე, მეთოფიშვილი აღნიშნავს, რომ ისმის კითხვა - რატომ ებრძვიან ჯანსაღ, კომპეტენტურ, კეთილსინდისიერ და თანამედროვე სასმართლო სისტემას. მისი თქმით, პასუხი ნათელია - ცდილობენ სასამართლოზე გავლენის მოპოვებას.

"ისმის კითხვა - თუ დეპუტატების ამ ჯგუფმა არ იციან საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკა სასამართლო სისტემის შესახებ, არ იციან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე შემუშავებული რეკომენდაციები და დასკვნები, მაშინ საერთოდ რატომ ეხებიან სასამართლოს სისტემას??? ხოლო, თუ იციან საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პრაქტიკა, მაშინ რატომ უვლიან გვერდს ამ სტანდარტებს??? რატომ არიან ისინი პროგრესის წინააღმდეგ??? რატომ ებრძვიან ისინი საკუთარი ქვეყნის ჯანსაღ, კომპეტენტურ, კეთილსინდისიერ და თანამედროვე სასამართლო სისტემას??? რატომ ამახინჯებენ რეალობას???

კარგი იქნება თუ გვიპასუხებენ ამ კითხვებზე. თუმცა, თუ არ გვიპასუხეს, იმედი მაქვს, რომ მოვა ის დრო, როდესაც საზოგადოება მიხვდება და დარწმუნდება თუ რატომ აკეთებენ ამას! პირადად ჩემთვის კი პასუხი ნათელია - ისინი ცდილობენ სასამართლოზე გავლენების მოპოვებას, ცდილობენ დაიმორჩილონ სასამართლო სისტემა!", - წერს მოსამართლე ფეისბუქზე.

მეთოფიშვილის პოსტი სრულად:

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ათამდე დეპუტატი, მათ შორის ეკა ბესელია გამოდიან ინიციატივით რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე გადაიდოს.

ამას წინ უძღოდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში", რომლის მიზეზი უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

ბესელიას შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარედ გედევან ფოფხაძე დანიშნეს, თუმცა, რამდენიმე დღეში ქართულმა ოცნებამ ფოფხაძის კანდიდატურა გაიწვია და მიზეზად რეგლამენტის დარღვევა დაასახელა. გუშინ, 5 თებერვალს კი ამ პოსტზე პარლამენტმა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩია. მოწინააღმდეგე მხარე ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას განიხილავდა.

აღსანიშნავია, რომ 12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს კი წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები