აშშ-რუსეთი

რიბაკოვი: მზად ვართ აშშ-სთან ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე ვიმუშაოთ

სერგეი რიბაკოვი
Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიბაკოვმა თქვა, რომ მზად არიან აშშ-სთან ცივი ომის დროინდელი ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ უფრო ფართო შეთანხმების მიღწევაზე იმუშაონ, რომელიც მეტ ქვეყანას მოიცავს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, დავინახეთ მინიშნება პრეზიდენტ ტრამპის განცხადებაში იმ შესაძლებლობისაკენ, რომ შევიმუშაოთ ახალი შეთანხმება, რომელსაც ხელს ლამაზ ოთახში მოვაწერთ და ის მოიცავს სხვა ქვეყნებსაც. ჩვენ ამ შემოთავაზების ხორცშესხმას და ქაღალდზე გადატანას ველოდებით." თქვა მან, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დრომდე აშშ-ს მათთვის ახალი შეთანხმების შესახებ შემოთავაზება არ გაუგზავნია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვება 2 თებერვლიდან დაიწყო და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღო. მათი თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს.

შეთანხმება შეაჩერა რუსეთმაც. ამის შესახებ პუტინმა სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე თქვა. მან რუსეთის სამხედრო ძალებს ახალი რაკეტების შექმნაზე მუშაობის ბრძანება უკვე მისცა, ხოლო თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდა ოფიციალურ ვაშინგტონთან განიარაღებაზე მოლაპარაკებები არ წამოიწყონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით ორმხრივი შეთანხმება თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება, რომელშიც მსგავს რაკეტებს სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანიც ქმნიან.

კომენტარები