საფრანგეთი-იტალია

საფრანგეთმა იტალიის პოლიტიკური ლიდერების "უსაფუძვლო ბრალდებების" გამო ელჩი გაიწვია

France24

საფრანგეთმა იტალიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია. ოფიციალური პარიზის მიხედვით მიზეზი გასულ თვეებსი იტალიის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებებია. მათ იტალიას მოუწოდეს უფრო მეგობრულ დამოკიდებულებას დაუბრუნდეს.

"რამდენიმე თვის განმავლობაში საფრანგეთი განმეორებადი, უსაფუძვლო და აღმაშფოთებელი ბრალდებების სამიზნეა. ერთი საკითხია განსხვავებული პოზიციის ქონა, მაგრამ ამომრჩევლების მოსაზიდად ურთიერთობებით მანუპულაცია მეორე საკითხია. ეს ქმედებები სერიოზულ სიტუაციას ქმნის და წარმოშობს კითხვებს საფრანგეთის მიმართ იტალიის მთავრობის განზრახვის თაობაზე." ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს იტალიის ეკონომიკის მინისტრმა და სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიის "5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერმა ლუჯი დი მაიომ თქვა, რომ საფრანგეთი აფრიკული ქვეყნების ეკონომიკებით მანიპულაციას ცდილობს და ამ ქვეყნებში სიღარიბის და მიგრაციის გამომწვევია.

"საფრანგეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც 14 აფრიკული ქვეყნისათვის ფულის ბეჭდვით მათ ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს და ხელს უწყობს მასობრივ მიგრაციას, რის შედეგადაც მიგრანტები ზღვაში იღუპებიან, ან ჩვენს სანაპიროებზე გადმოდიან. თუ ევროპას სიმამაცის გამოჩენა სურს, გამბედაობა უნდა ეყოს აფრიკის დეკოლონიალიზაციის საკითხის კონფონტაციისათვის.

ევროკავშირმა საფრანგეთს და მის მსგავს ქვეყნებს, რომლებიც აფრიკას აღარიბებენ და მიგრაციას იწვევენ სანქციები უნდა დაუწესოს, რადგან აფრიკელები აფრიკაში უნდა იყვნენ და არა ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე. ის, რომ დღეს ხალხი აფრიკას ტოვებს ევროპული ქვეყნების ბრალია, ყველაზე მეტად კი საფრანგეთის, რომელსაც ათობით აფრიკული ქვეყნის კოლონიზაცია დღემდე არ შეუწყვეტია." თქვა მან.

გარდა ამისა, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და სამთავრობო კოალიციის წევრი პარტიის "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ თქვა, რომ საფრანგეთს ლიბიაში საკუთარი ენერგოინტერესების გამო მშვიდობის დამყარება არ სურს.

"ლიბიაში საფრანგეთი სიტუაციის სტაბილიზაციით დაინტერესებული არ არის. ალბათ იმიტომ, რომ ნავთობით არის დაინტერესებული, რაც იტალიისას ეწინააღმდეგება." თქვა მან.

მაშინ დი მაიოს და სალვინის კომენტარების გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს.

იტალიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა იტალიის მთავრობაში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების მოსვლის შემდეგ დაიძაბა.

საფრანგეთი იტალიას საიმიგრაციო პოლიტიკის და მიგრანტებისათვის პორტების ჩაკეტვის გამო აკრიტიკებდა. გასული წლის ივნისში იტალიამ გემებს, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვაში აფრიკიდან მომავალი ასობით მიგრანტი გადაარჩინეს პორტები დაუხურა და არ მიიღო.

კომენტარები