დანაშაულის სტატისტიკა

მეზვრიშვილი: დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზით მძიმე დანაშაულები უცვლელი ან შემცირებულია

"დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი ან უცვლელია ან შემცირებულია, ხოლო მატება ძირითადად იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა აღრიცხვიანობა მკვეთრად გაუმჯობესდა ან რომლებზეც მომართვიანობა გაიზარდა," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, დანაშაულის რეგისტრირების მათ მიერ დანერგილი პრაქტიკა წინა წელთან შედარებით რიცხვებში განსხვავებას იძლევა, თუმცა მხოლოდ ციფრები არ განსაზღვრავს კრიმინოგენულ ვითარებას და მნიშვნელოვანია შინაარსი.

"რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც. ბუნებრივია, დანაშაულის რეგისტრაციის ამგვარი პრაქტიკა 2018 წელს ციფრებში გვაძლევს სხვაობას 2017 წელთან შედარებით. თუმცა, მხოლოდ ციფრები ვერ გახდება ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი. მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის შინაარსის, დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკის, პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება," - ამბობს მეზვვრიშვილი.

მეზვრიშვილის ინფორმაციითვე, 2018 წელს წინა წელთან შედარებით უცვლელია მკვლელობების მაჩვენებელი და 2,5 პროცენტით არის შემცირებული ყაჩაღობა.

"17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე მუქარაზე, იძულებაზე და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა. დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა," - ამბობს მეზვრიშვილი.

კომენტარები