პლენარული სხდომა

ბობოხიძე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე: დამღუპველია ჩვენი ხელისუფლების პოზიცია

"გარწმუნებთ, მეგობრებო, რომ ლიმიტირებულია პარტნიორობაც და ლიმიტირებულია მეგობრობაც" - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, კაკო ბობოხიძემ, ხელისუფლებას. 

ბობოხიძემ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე და ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა. 

ბობოხიძის თქმით, მართალია, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანოებია, მაგრამ არა რუსეთის სახელმწიფოში, სადაც მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის სახელმწიფოს იდეოლოგიური და პროპაგანდისტული იარაღია და მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ, კაკო ბობოხიძის თქმით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება მხოლოდ რელიგიური საკითხი არ არის. 

"ჩვენი პარტნიორი და არამხოლოდ პარტნიორი - უკრაინა და საქართველო სიკვდილ-სიცოცხლის დონეზე არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული. უკრაინისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი და, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა აირჩია და ეს ყველაფერი თან დააბრალა საქართველოს ეკლესიას. ამ დროს რა შუაშია ეკლესიის და ხელისუფლების პოზიცია? იმიტომ, რომ ვიმეორებ, რომ ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არის საერო ქვეყანა, სადაც სახელმწიფო და რელიგია არის ერთმანეთისგან გამიჯნული. რაც ყველაზე მთავარია, ხელისუფლება აქეთ გვამადლის და გვეუბნება, რომ ამას ყველაფერს აკეთებს ქვეყნის უსაფრთხოებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე და მინდა, გითხრათ, ბატონებო, რომ ილუზიური და მცდარია ჩვენი მოსაზრება, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არ ცნობს აფხაზეთის ავტოკეფალიას მხოლოდ იმიტომ, რომ ერიდება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის. არა, ბატონებო. არ ცნობს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არანაირად არ შედის მისსავე ინტერესებში. რატომ უნდა ცნოს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია მაშინ, როდესაც მან პრაქტიკულად მიიერთა და მიიტაცა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მყოფი ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიები. იქ ნიშნავენ რუს მღვდლებს, იქ აშენებენ ახალ რუსულ ეკლესიებს და რაც ყველაზე მთავარია, რუსულ ყაიდაზე ახდენენ ქართული ძეგლების გადაკეთებას. ამიტომ, ხიფათი, რომ რუსეთმა მომავალში შეიძლება, აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია, გარწმუნებთ, ბატონებო, არ გვემუქრება და დამღუპველია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია "მოდი, ნუ ვაწყენინებთ მტერს, რამე რომ არ გვავნოს, მაგრამ მეგობრები ხომ მაინც ჩვენს მეგობრებად დარჩებიან". გარწმუნებთ, მეგობრებო, რომ ლიმიტირებულია პარტნიორობაც და ლიმიტირებულია მეგობრობაც," - ამბობს კაკო ბობოხიძე. 

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მსოფლიო საპატრიარქოსგან 6 იანვარს მიიღო. არაერთმა ქვეყანამ მიულოცა უკრაინას რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მიღება, თუმცა ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდი იმსჯელებს. სინოდის წევრები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ტომოსის (აღიარების სიგელი) გაცნობის შემდეგ მიიღებენ. 

კომენტარები