ფარული ჩანაწერების გავრცელება

ფარული ვიდეოს გავრცელებაში ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

რუსთავი2

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სოლონიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, გაასაჩივრა.

მუხრან ღურწკაია ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. 

"მიგვაჩნია, რომ განჩინება არის დაუსაბუთებელი და სწორედ ამას ვასაჩივრებთ. დაველოდებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. არანაირი საფრთხე მოწმეებზე ზეწოლის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის არ არსებობდა, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ შვიდი ბრალდებულიდან 6 გაათავისუფლა გირაოთი, იგივე ბრალდებით, იგივე მტკიცებულებები იყო საქმეში და ჩვენ ვთვლით, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი განხორციელდა",- აღნიშნავს ადვოკატი. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოს  საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, 3 მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში იმყოფება, 14 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

ბრალდების მხარის თქმით, მათ, ვის მიმართაც გირაოს შუამდგომლობის გადაწყვეტილება მიიღეს, ჩანაწერები არ გაუვრცელებიათ. მათ მხოლოდ სოციალური ქსელის პირად შეტყობინებებში მიიღეს ფარული ჩანაწერები და პოლიციას არ მიმართეს. 

ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს. 

კომენტარები