ფარული ჩანაწერები

ეკა ბესელია: ვისაც ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ყველა მეთოდის გამოყენებას ველი

ტაბულა

ეკა ბესელია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილსა და კრიმინალური პოლიციის უფროსს შეხვდა.

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მათ ერთმანეთში ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაცია გაცვალეს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაუგეგმავთ. მისივე თქმით, დაკავებული პირების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან ფარული ჩანაწერების გავრცელებასა და შენახვაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული.

"ჩემთვის მთავარი არის, რომ პირველი - ჩვენი მოქალაქეები დაცულები იყვნენ ასეთი უკანანო ქმედებისგან, მეორე აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორთან, ანუ იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამ უკანონო ქმედების განხორციელება ხოლოდ იმ პირების დაკავება, ვინც ინტერესის გამო თუ გაუცნობიერებლობის გამო, ან პოლიტიკური ანტიპათიით იზიარებს ან ავრცელებს ამ მასალას, უკანონო ჩანაწერს, ესეც დასჯადია სისხლის სამართლის წესით, მძიმე დანაშულად ითვლება, სანქცია აქვს თავისუფლების აღკვეთა, საპატიმროს ითვალისწინებს, ამიტომ ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, ყველასთვის პრევენცია. ჩემი ინტერესი არ არის, რომ უამრავი ადამიანი დავაპატიმროთ იმის გამო, რომ ვერც კი ხვდებოდნენ რას ჩადიოდნენ. კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს მოქალაქეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, მაგრამ საჭიროა, ამის თაობაზე გავაფრთხილოთ. მთავარია, გამოძიება მივიდეს იმ ადამიანებთან, ვინც ეს დაგეგმა და მგონია, რომ ეს არის პრინციპული ამოცანა და ჩემთვის პირადად მთავარი არის, მიზანი რად ჰქონდათ ამ ადამიანებს განზრახული, ამ მიზანს ვერ მიაღწიონ', - თქვა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია თქმით, მან გამოძიებას ამ საქმეში ჩართულ პირთა შესახებ ტავისი ეჭვები გაუზიარა. ასევე, მან თქვა, რომ ფარული ჩანაწერები არ განადგურებულა.

"ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს და ღია კონფლიქტს, დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებთ გვაქვს მეც და რამდენიმე ადამიანსაც. ჩვენი მიზანი, რომ ამ ქვეყანაში ვიბრძოლოთ, რომ დარჩეს დამოუკიდებელი სასამართლო და არა ვიწრო ჯგუფის ინტერესების გამტარებელი სასამართლო სისტემა, აი ამისთვის ბრძოლა და მიზანი, ეს არის ის პროცესი, რომელშიც ესეთი მეთოდების გამოყენება მიჩნეული იქნება, როგორც ტერორი იმ ადამიანების წინააღმდეგ, მათ შორის ჩემი. ეს მიზანი მიუღწეველია, მაგრამ ამ მეთოდების გამომყენებელი ადამიანები უნდა დაისაჯონ. მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება. ვისაც მე ვებრძვი, ვისაც მე ვუპირისპირდები იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას, არა მხოლოდ თანაგუნდელების. ჯერ ერთი, ისინი თანაგუნდელები არ არიან. მე არ მივიჩნევ ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად. პირთა წრე, ვისაც მე არ გამოვრიცხავ იმ რეჟიმს და იმ ხელისუფლებას, ვისაც ვებრძვი დიდ ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, არ გამოვრიცხავ იმ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთა წინააღმდეგაც გადავდგით ძალიან პრინციპული ნაბიჯები. მე ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის ვდებ", - თქვა ეკა ბესელიამ.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე 16 პირის დააკავა, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც არიან.

კომენტარები