საქართველოს საპატრიარქო

ილია II პატრიარქ კირილს: თქვენ და ჩვენ საერთო გამოწვევის წინაშე ვდგავართ

პატრიარქები ილია და კირილი
mospat.ru

იმის პარალელურად, რომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი საქართველოს ეკლესიას ემუქრება, პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქ კირილს ინტრონიზაციის 10 წლისთავს ულოცავს. 

წერილში, რომელიც დღეს პატრიარქ კირილთან შეხვედრაზე მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ წაიკითხა, ილია II რუსეთის მთავარიერარქს მართლმადიდებლობის განმტკიცებისთვის შეტანილი წვლილისთვის აქებს და წერს, რომ მათ საერთო დიდი გამოწვევა აქვთ, რომლის წინაშეც ერთად დგანან. 

"თქვენო უწმიდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამწირველო, უკვე 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ღვთის მეოხებით, პირველიერარქის ჯვარს ატარებთ. მთელი ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში უზარმაზარი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა ჩადეთ, რათა საკუთარი წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებისთვის, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის. გილოცავთ. თქვენი მისიონერული ძალისხმევით არაერთი ეკლესია და მონასტერი გაიხსნა, შეიქმნა განათლების, კულტურისა და საქველმოქმედო ცენტრები. გისურვებთ ხანგრძლივ, ღვთისგან კურთხეულ მსახურებას. ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროს ჩვენ ყველას ჩვენი პირადი გამოცდა გვაქვს, ჩვენი პირადი პრობლემები, მაგრამ ახლა, თქვენც და ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო საერთო გამოწვევის წინაშე დავდექით და ბევრი რამ არის ჩვენს ქმედებებზე დამოკიდებული იმაში, თუ როგორ ვიცხოვრებთ ხვალ. დიდია ეს გამოწვევა, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერთმანეთის წინაშე. მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, იმედს ვიქონიებთ, რომ თქვენი წინდახედულობით, ჩვენი საერთო ლოცვითა და ძალისხმევით და, უპირველეს ყოვლისა, ღვთის მადლით, ყველა ერთად შევძლებთ შევინახოთ მართლმადიდებული მრწამსი და ღვთის საქმეები. ღმერთმა დაგლოცოთ," - წერია პატრიარქის წერილში.

კომენტარები