ეტიკეტირების წესი

მეწარმეები: რეგულაციების გამო ჩვენმა ზარალმა შესაძლოა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ამბობს, რომ ახალი რეგულაციების გამო შესაძლოა პირველი მარტიდან, შესაძლოა სავაჭრო ობიექტებზე თაროები დაცარიელდეს და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს. 

ასევე, მათი განცხადებით, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს. 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მოთხოვნა

ასოციაციის თქმით, მიზეზი ეტიკეტირებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტია

ასოციაცია ამბობს, რომ ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები ახალი ეტიკეტის დაბეჭდვას 2019 წლის 1-ლ მარტამდე ვერ ასწრებენ. 

განახლებული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც სურსათის ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ზოგად პრინციპებს აწესრიგებს, ძალაში სწორედ 2019 წლის 1-ლი მარტიდან შედის, მთავრობის #301 დადგენილების შესაბამისად. რეგლამენტში ის ინფორმაციაა გაწერილი, რომელიც ამა თუ იმ პროდუქციას თან უნდა ერთვოდეს. 

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მდივანი, ლაშა რიჟამაძე ამბობს, ტაბულასთან იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც კომპანიებს რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება 1-ლ მარტამდე შეუძლებლად მიაჩნიათ: 

"საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც დატანილია სარეალიზაციო პროდუქციაზე. ეს ახალი რეგლამენტი რადიკალურად ცვლის იმ ინფორმაციის ოდენობას და სახეს, რაც ამ ეტაპზე დატანილია პროდუქციაზე მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად. 

რეგლამენტის ძალაში შესვლა სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა, მათ, მთავრობასთან მოლაპარაკების შედეგად, ეს ვადა მარტამდე გახანგრძლივდა. მეწარმეებმა ტიპოგრაფიული საბეჭდი ფორმების, ე.წ კლიშეების, ანუ ერთგვარი ყალიბების შეცვლა დაიწყეს და ამაში დიდი ფულიც გადაიხადეს.

თუმცა, 31 ოქტომბერს (მთავრობის დადგენილება #519) რეგლამენტი კვლავ შეიცვალა, რის გამოც უკვე შეკვეთილი ახალი კლიშეები უვარგისი გახდა. თითო ყალიბის ღირებულება არის 1500-დან 2 000 ევრომდე. კომპანიებს პროდუქტის თითოეულ სახეობაზე სათითაოდ უწევთ მისი ყიდვა.

არის კომპანიები, რომლებსაც 70, 80, 100 კლიშე დაამზადებინა და ამას სჭირდება 100 000 ათასი ლარი ან მეტი. და ახლა უწევთ ამ თანხის ხელახლა გადახდა", - ამბობს რიჟამაძე. 

მისივე თქმით, ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მთავრობასთან სიტყვიერი შეთანხმება შედგა და ის წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. 

რიჟამაძე ასევე ამბობს, რომ ახლა მეწარმეებს ახალი რეგულაციების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის დრო, სულ მცირე, წლის ბოლომდე მაინც სჭირდებათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხი

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პასუხად სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ბიზნესსექტორის ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებას, რომ ბიზნესს სურსათის ეტიკეტირების წესის ამოქმედებისთვის მოსამზადებელი პერიოდი არ მიეცა, არ იზიარებს. 

"ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ 2018 წლის სექტემბერიდან უნდა ამოქმედებულიყო. ბიზნესსექტორის ინფორმირების მიზნით, გაიმართა შეხვედრები, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებმა დამატებითი ვადა მოითხოვეს და კანონმდებლობის ამოქმედების თარიღის გადაწევის შესახებ მთავრობას მიმართეს.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინიციატივა და ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა 6 თვით, 2019 წლის მარტამდე გადაწია. ამ პერიოდში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ინტენსიურად მართავენ კონსულტაციებს და შეხვედრებს ბიზნეს-ოპერატორებთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

აღსანიშნავია, რომ ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" (DCFTA) შეთანხმების შესაბამისად და მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მომხმარებლის ინფორმირებულობის და მისი ინტერესების დაცვის მიმართულებით, რაც ქართული სარეალიზაციო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო. 

ახალი რეგულაციის მიხედვით:

  • იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი (მაგ: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; შაქარი და სხვა.); 
  • განისაზღვრება ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
  • სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი;
  • განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითებასთან დაკავშირებით;
  • ეტიკეტზე არ უნდა იყოს ინფორმაცია სურსათის ისეთი თვისებების შესახებ, რაც არ ახასიათებს (მაგალითად: სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სხვა...)
  • ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრება აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისაგან (მაგალითად, შრიფტის, ფონის, სტილით, ფერით;
  • განისაზღვრება სურსათის ნეტოს - სუფთა წონის (სურსათის წონა შეფუთვის გარეშე) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება.
  • სურსათის შენახვის ვადის ნაცვლად შემოდის ტერმინები: ვარგისიანობის მინიმალური ვადა: "გამოიყენებამდე" ვადა, სურსათის გაყინვის ან პირველადი გაყინვის თარიღი.
  • დაკონკრეტდება სურსათის დასახელებები კერძოდ: სურსათის ოფიციალური, ჩვეული და აღწერილობითი დასახელება.
  • განისაზღვრება მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
  • განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის გარე შეფუთვის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა. ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას.
  • სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის წარდგენას რეკლამის საშუალებით ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით.
  • მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის დისტანციურ რეალიზაციას. 

კომენტარები