აივ/შიდსი

ფრანსუა ბარე-სინუსი - ქალი, რომელმაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოაჩინა

ფრანსუა ბარე-სინუსი ფრანგი ვირუსოლოგია, ვინც აღმოაჩინა, რომ შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდსი) გამომწვევი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია (აივ). მისმა აღმოჩენამ განაპირობა მკურნალობის მეთოდების შემუშავება, რომლებიც ანელებს აივ-ის პროგრესირებას და ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს. 

ბარე სინუსი 1947 წლის 30 ივლისს დაიბადა. მას ადრეული ასაკიდანვე აინტერესებდა მეცნიერება და ცოდნის გაღრმავება პარიზის უნივერსიტეტში გადაწყვიტა. თავდაპირველად ბარე-სინუსის მედიცინის შესწავლა სურდა, თუმცა, ოჯახისთვის თანხის დაზოგვის მიზნით საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო. 

პარიზის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მან მუშაობა პასტერის ინსტიტუტში დაიწყო, კვლევით ცენტრში რომელიც დაავადებების, მიკროორგანიზმების და ვაქცინების ბიოლოგიას შეისწავლის. 

1975 წელს დოქტორის ხარისხის მიღების და აშშ-ში ინტერნატურის შემდეგ მან დაიწყო მუშაობა ვირუსების ჯგუფზე, რომლებსაც რეტროვირუსებს უწოდებენ. რეტროვირუსები იყენებენ რნმ-ის მოლეკულას, რათა თავიანთი გენების ასლები განათავსონ მასპინძელი უჯრედის დნმ-ში და ამგვარად გამრავლდნენ. 

1983 წელს ფრანსუა ბარე-სინუსმა, თავის კოლეგასთან, ლუკ მონტენიესთან ერთად აღმოაჩინა რეტროვირუსი, რომელიც შიდსით დაავადებული პაციენტების ლიმფურ კვანძებში ლიმფოციტებს ესხმოდა თავს (სისხლის უჯრედები, რომლებიც იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია). მოგვიანებით ამ რეტროვირუსს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი დაერქვა. 

ბარე-სინუსის აღმოჩენამ მოიტანა მრავალი სამედიცინო მიღწევა, რომელიც გვეხმარება შიდსთან ბრძოლაში, იქნება ეს აივ-ის ტესტირების და დიაგნოსტირების მრავალრიცხოვანი მეთოდები თუ ანტირეტროვირუსული თერაპია. 

1988 წელს ბარე-სინუსი პასტერის ინსტიტუტში ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახდა და შიდსის ვაქცინის შექმნის მიზნით ინტენსიური კვლევები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა ვერ აღმოაჩინეს, მისი გუნდი დღემდე იკვლევს სხვადასხვა მექანიზმებს, რომლებიც ადამიანებს აივ ინფექციისგან დაიცავს. 

2008 წელს ბარე-სინუსმა და მონტენიემ მიიღეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში. გარდა ამისა, ბარე-სინუსმა მიიღო მრავალი სხვა ჯილდო და საპატიო ხარისხი. 2006 წელს მან მიიღო ღირსების ლეგიონის ორდენი, ყველაზე საპატიო წოდება საფრანგეთში.

2012-2016 წლებში ბარე სინუსი შიდსის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი იყო. აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას იგი 2017 წელს ჩამოშორდა. 

2000-იანი წლებში შიდსისგან ყოველწლიურად 1.9 მილიონი ადამიანი კვდებოდა, 2017 წელს კი მილიონზე ნაკლები ადამიანი მოკვდა. მცირდება ახალი შემთხვევების რიცხვით. 1990-იან წლებში ყოველწლიურად შიდსის 3.4 მილიონ ახალი შემთხვევა იყო, 2017 წლისთვის კი ინფექციის მხოლოდ 1.8 მილიონი ახალი შემთხვევა იყო. ეს 47%-იანი კლებაა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ფრანსუა ბარე-სინუსის აღმოჩენა. 

კომენტარები