NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 43%-ის აზრით, ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

Reuters

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომაროება გაუარესდა. 32%-ის აზრით, იგივე დარჩა, ხოლო 18%-ის აზრით, გაუმჯობესდა.

ამ კითხვაზე პასუხების დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელია თბილისსა და დიდ ქალაქებში - თბილისში გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო დიდ ქალაქებში 51%. პატარა ქალაქებში, სოფლებსა და უმცირესობათა დასახლებებში ეს მაჩვენებელი 42%, 39% და 32%-ია. ამასთან, მოსაზრებას, რომ საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, ყველაზე მეტი ადამიანი ეთანხმება პატარა ქალაქებსა (24%) და უმცირესობათა დასახლებებში (22%).

ამასთან, გამოკითხულთა აზრით, ყველაზე ხშირია ნარკოტიკული დანაშაული (25%), ქურდობა-ძარცვა-ყაჩაღობა (21%) და ავტოსაგზაო შემთხვევები (20%). 14% მიიჩნევს, რომ ხშირია მკვლელობები, ხოლო 5%-ის აზრით, ოჯახში ძალადობა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები