უზენაესი სასამართლო

თალაკვაძე: უზენაესის მოსამართლეობის ყველა კანდიდატს კენჭს სათითაოდ ვუყრით

ტაბულა

ქართულმა ოცნებამ ორდღიანი კონსულტაციები დაასრულა. პარტიის წევრები ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობდნენ. შეხვედრებს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. 

კონსულტაციების დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი თითოეული კანდიდატის სათითაოდ კენჭისყრაზე შეთანხმდა. 

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება. პარლამენტი თითოეულ კანდიდატურას და არა მთლიან სიას უყრის კენჭს საგაზაფხულო სესიაზე. ეს კანდიდატები ახალი წესებით და კრიტერიუმებით იქნებიან შერჩეული", - თქვა თალაკვაძემ. 

მან 27 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელშიც პარლამენტარები, იუსტიციის საბჭოს წევრები და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად იკრიბებიან. 

"ეს იყო შედეგიანი შეხვედრა. შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით ძირითად ამოსავალ პრინციპებზე გუნდი შეჯერდა. ეს შედეგი იმაში გამოიხატება, რომ უმრავლესობა მზად არის სამუშაო ჯგუფში პროცესის მონაწილე გახდეს ისე, რომ სამუშაო ჯგუფმა მიზანი შეასრულოს - შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები. 

სამუშაო ჯგუფი იქნება საკმაოდ მონაწილეობითი. ყველა ძირითად მხარეს, რომელსაც ჰქონდა ლეგიტიმური პროფესიული პოზიციები, იქნება ჩართული ამ პროცესში, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს ეს შეთავაზება. ჩვენ ვიმსჯელეთ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაზე, იყვნენ ამ პროცესში ჩართული და შეხვედრაზე თქვენ ნახავთ ამ წარმომადგენლობას.

პარლამენტის თავმჯდომარე გაუძღვება ამ პროცესს, მას ექნება გუნდის მხარდაჭერა. მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მომავალშიც მოემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცებას", - თქვა თალაკვაძემ. 

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. NGO-ების​წარმომადგენლების თქმით, ეს ცრუ და არაფრისმომცემი სამუშაო ფორმატი იქნება, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის შესუსტებას ისახავს მიზნად. 27 იანვრის შეხვედრის პარალელურად მათ საპროტესტო აქციაც დააანონსეს. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

კომენტარები