ქრთამის აღება

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

რუსთავი 2

 

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენს საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ამ ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარი გამოართვა.

"ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს. 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.წყალტუბოში შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა. დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავის შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა." - წერია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
 

კომენტარები