უზენაესი სასამართლო

ქუცნაშვილი: მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის საბჭოში ღია კონკურსით შევლენ

საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, "ძალიან შედეგიანი შეხვედრა იყო". მისი თქმით, "ორდღიანი მუშაობა გადის ფინიშზე და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ქართულ საზოგადოებას სურს".

ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის რამდენიმე პრინციპზე შეთანხმდა.

"საზოგადოება ითხოვს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე. ამიტომაც ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია კონკურსის გზით მოხდეს კანდიდატების შესვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ შემდეგ საბჭომ დაასახელოს ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად, ამით თანასწორობის პრინციპი დაცული იქნება, რომ ყველა მსურველს მიეცეს თავის თავის ნომინირების უფლება და ამ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მეორე პრინციპია ის, რომ იმ კრიტერიუმების და მათ შორის, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის ყველა ასპექტის ჭრილში იქნება განხილული საკითხი პარლამენტის კომიტეტებსა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე, პარლამენტის ყველა წევრი იქნება თავისუფალი კენჭისყრის დროს და მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ პერსონასთან დაკავშირებით" - განაცხადა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ "საკმაოდ პოზიტიურ, საინტერესო და სასარგებლო ვერსიაზე ჯერდება საპარლამენტო უმრავლესობა".

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურებმა, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმამ საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად - ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.

ორი დღეა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად კრიტერიუმებს შეიმუშავებს.

კომენტარები