კალაძე: მოვახერხეთ შეთანხმება, ვაკის პარკში ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელთან მერიამ შეთანხმებას მიაღწია და ვაკის პარკში დაგეგმილ ადგილზე სასტუმრო აღარ აშენდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კალაძის თქმით, საუბარია ადგილმონაცვლეობაზე. თუმცა რა ადგილზე აშენდება სასტუმრო ბუდაპეშტი, ამის შესახებ დედაქალაქის მერს დღეს არ უსაუბრია. 

"დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებლებთან, თქვენ იცით ამ თემასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება, საკმაოდ დიდია ინტერესი იქ აშენდება თუ არა რაიმე შენობა. ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმება ინვესტორთან, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და აქტივისტს ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო და იცავდა ამ მწვანე სივრცეს. მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორს, რომ გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები. როგორც მოგეხსენებათ 2013 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იქნა გაცემული სპეციალური ნებართვა, რომელიც არის უვადო და შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა ეს ჯერ ვერ დავასკვენი. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარი მონდომება საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა და ყველაზე მთავარი თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობთ და ამისთვის ვართ მადლიერი."- თქვა კალაძემ. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე ამბობდა, რომ " მერია ხელების გადაგრეხაზეა გადასული" და მისთვის დედაქალაქის მტავრობის მეირ შეტავაზებული პირობები მიუღებელი იყო. მერიაში კი ამბობდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებელს ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს აშენების მოქმედი ნებართვა ჰქონდა, ისინი პარკში მსგავსი მასშტაბის მშენებლობას არ დაუშვებდნენ. 

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

კომენტარები