გეგა გეგეშიძე

გეგა გეგეშიძე: არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი, არავისთვის არაფერი ჩამირტყამს

რუსთავი 2

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილთან დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მისი თქმით, არავისთვის არაფერი ჩაურტყამს.

"რომ გითხრათ, ჩხუბი იყო, არა, უფრო შეხლა-შემოხლა იყო. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არავის დაუნახავს და პირადად, მეც არ დამინახავს... ზოგი იძახის, რომ ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი ამბობს, რომ ჯაჭვი ჩავარტყი, დავჭერი. ჩამოყალიბდნენ, რა მოხდა. ერთი ერთს ამბობს, მეორე - მეორეს. მე პირდაპირ ვიძახი, არც არავისთვის არაფერი ჩამირტყამს, არც ჯაჭვი მჭერია, არც ხელკეტი და არც არავინ დამიჭრია" - ამბობს გეგეშიძე და აღნიშნავს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

ცნობისთვის, 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გაუსწორდა. 

თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეო შაბათის კურიერმა გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს.

ზურა დათუნაშვილი გეგეშიძის შესახებ წინა დღეებშიც საუბრობდა. მოჭიდავე ამბობდა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მას რკინის ბლაგვი საგანი თავში ორჯერ ჩაარტყა. გავრცელებულ განცხადებაში დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე, კლანურ მმართველობასა და კორუფციაზეც ამახვილებდა ყურადღებას. მოჭიდავე გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვს.

11 იანვარს ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი ხვდებოდნენ. დაპირისპირება, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყა. ჩხუბში სპორტსმენები და ფედერაციის წარმოამდგენლები ჩაერთნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 11 იანვრის ჩხუბს 126-ე, ძალადობის, მუხლით იძიებენ, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და მათ სასამართლო წესით გამოკითხავენ, რადგან პოლიციისთვის ნებაყოფლობით ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვეს.

გეგა გეგეშიძის მიმართ ეს პირველი პრეტენზია არ არის. ამასთან, მისი სახელი დაკავშირებულია 2016 წლის 22 მაისს შუალედური არჩევნებისას სოფელ კორცხელში მომხდარ ძალადობასთან, როდესაც ოპოზიციის წევრებს სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ სწორედ ის ახდენდა სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" წევრების რეკრუტირებას. გეგეშიძე შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. კორცხელის ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე.

კომენტარები