კრიმინალი

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული პირები - დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. დამნაშავედ ცნო. დ.ჭ.-ს და კ.ბ.-ს 7-7 წლით, ხოლო გ.ბ.-ს 6 წლით და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა განესაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ ბრალდებულები "ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ". უწყების ცნობით, მათ სისტემატური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან - მ.ზ.-სთან, გ.ხ.-სთან და ა.პ.-სთან.

"ისინი მათი დავალებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურდული სამყაროს მიზნების განხორციელებაში. 2018 წლის აპრილში დ.ჭ., კ.ბ. და გ.ბ. კანონიერი ქურდების დავალებით, მუქარითა და დაშინებით ერთ-ერთი დაზარალებულისგან ე.წ. ქურდული წილის – 60 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა დ.ჭ., და კ.ბ. ქ.თბილისში, ხოლო გ.ბ. სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში 2018 წლის 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (2018 წლის 1 მაისამდე რედაქციით)) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები