ჩინეთი-კანადა

ჩინეთში დაპატიმრებულ კანადის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

AFP

კანადის მოქალაქე რობერტ ლოიდ შელენბერგი 2014 წელს ჩინეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის გამო დააკავეს. მას ბრალად სდებდნენ, რომ ჩინეთში ავსტრალიაში 227 კილოგრამი მეტამფეტამინის გატანას გეგმავდა. ის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ჩინეთში ტურისტად ჩავიდა.

გასულ ნოემბერს შელენბერგს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ჩინეთის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სასჯელი საკმარისად მკაცრი არაა და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გადაწყვეტილება დაგმო.

"ეს ძალიან აღმაშფოთებელია ჩვენი მთავრობისათვის და ყველა საერთაშორისო მოკავშირისათვის უნდა იყოს, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა თვითნებურად გამოეტანა სიკვდილით დასჯის განაჩენი." თქვა მან.

ამის გამო კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კანადაში ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, ჰუავეის დამფუძნებლის ქალიშვილი, ფირმის აღმასრულებელი დირექტორი მენგ უანჟოუ დააკავეს. ის გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა მუდმივი ზედამხედველობის ქვეშაა. აშშ Huawei-ს წინააღმდეგ გამოძიებას ირანისა და ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო აწარმოებს. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ კომპანია ჩინეთის მთავრობის კონტროლის ქვეშაა და ეროვნული უსაფრთხოებისათვის რისკის შემცველია. მენგ უანჟოუს დაკავების შემდეგ ჩინეთში კანადის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. ყოფილ დიპლომატს და ბიზნესმენს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.

ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად ჩინეთში უფრო მეტ ადამიანს სჯიან სიკვდილით, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ერთად. Amnesty International-ის მიხედვით ეს რიცხვი რამდენიმე ათასია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

კომენტარები