ჩხუბი სამართალდამცველებს შორის

ვანში სამართალდამცველებმა იჩხუბეს

Reuters

გუშინ, 11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

"11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნავენ უწყებაში.

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დაპირისპირება შსს-სა და სუს-ის თანამშრომლებს შორის მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამაზე არ საუბრობენ.

ტაბულა ცდილობს ინფორმაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადამოწმებას და პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: სუს-ში ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია არასწორია.

"ის ინფორმაცია, რომ შსს-სა და სუს-ის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, არასწორია. არაფერი მომხდარა შსს-სა და სუს-ის თანამშრომლებს შორის", - უთხრეს ტაბულას უწყებაში.

კიდევ ერთი ინფორმაციის მიხდვით, პოლიციელებს დაპირისპირება არა სუს-ის, არამედ პროკურატურის თანამშრომლებთან ჰქონდათ. ტაბულა უკვე დაუკავშირდა უწყებას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

განახლება: საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ, რომ დაპირისპირება შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მოხდა.

კომენტარები