გრიპის ვირუსი

ვირუსების გავრცელების გამო, რუსთავის ბაღებში 15 იანვრამდე თავისუფალი დასწრება გამოცხადდა

FrontNews.Ge

ვირუსების გავრცელების გამო, 15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ "რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანება" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თავისუფალი დასწრების შემდეგ, აღსაზრდელებს 7 საპატიო გაცდენის უფლებით სარგებლობა შეეძლებათ.

"იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით", - წერია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეიდან პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიარონ. 

გუშინ, თბილისში გრიპის ვირუსით 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში 29 დეკემბრიდან მკურნალობდა.

გრიპის ვირუსით ბოლო 24 საათში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა - ერთი თბილისში, ხოლო მეორე - ფოთში. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტს ვირუსი თანმდევი დაავადების ფონზე გაურთულდა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპით 12 ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ამ დროისათვის საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის 158 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს.

ასევე ნახეთ სააფთიაქო ქსელები, სადაც ექიმის მიერ დანიშნული ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს შეძენას შეძლებთ.

კომენტარები