ლგბტქ უფლებები

ნიუ-იორკელები დაბადების მოწმობაში სქესის ნიშნად ნეიტრალურის ჩაწერას შეძლებენ

ნიუ-იორკი იმ ქალაქებისა და შტატების რიცხვს შეუერთდა, რომელშიც სქესის ნიშნად ნეიტრალურის მითითებაა შესაძლებელი. 

1 იანვრიდან ნიუ-იორკში დაბადებულ ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ დაბადების მოწმობაში სქესის M (მამრ) ან F (მდედრ) ნიშანი X-ად გადაიკეთოს, რაც გენდერულად ნეიტრალურს ნიშნავს. მათ დაბადების მოწმობაში ამ ცვლილების შესატანად სამედიცინო დოკუმენტის წარდგენა არ სჭირდებათ. 

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ ამასთან დაკავშირებით დოკუმენტს ხელი ხუთშაბათს მოაწერა.

"მივმართავ ნიუ-იორკის ყველა ტრანსსა და არა-ბინარულ ადამიანს: ჩვენ თქვენ გხედავთ, თქვენი გვესმის და გაფასებთ. 2019 წლიდან ყველა ნიუ-იორკელს ექნება საშუალება, რომ დაბადების მოწმობაში სქესი შეიცვალოს - ექიმის ცნობის გარეშე" - თქვა ქალაქის მერმა. 

კანონი მშობლებს არ აძლევს საშუალებას, რომ ახალშობილის სქესის გრაფაში X ნიშანი მიუთითონ, თუმცა მათ 18 წლამდე ნებისმიერ დროს ექნებათ შვილის სქესის ნიშნის შეცვლის უფლება. 18 წელს გადაცილებული ადამიანები სქესის ნიშანს თავისით შეიცვლიან. 

ეს კანონი მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში ვრცელდება და არა მთელ შტატში. 

ტრანსგენდერების თანასწორობის ID დოკუმენტების ეროვნული ცენტრზე დაყრდნობით, ამ დროისთვის აშშ-ში 7 შტატია, რომელშიც გენდერულად ნეიტრალური მართვის მოწმობები გაიცემა: არკანსასი, კოლორადო, მაინი, მინესოტა, ორეგონი, ვაშინგტონი და კალიფორნია. 

ნიუ-იორკი კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატების შემდეგ, მე-4 ადგილია, სადაც დაბადების მოწმობაში სქესის ნიშნად გენდერულად ნეიტრალურის მითითებაა შესაძლებელი. 

კომენტარები