სერგეენკო: აფთიაქებს ტამიფლუს სამინისტროს მარაგებიდან მივაწვდით

ჯანდაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ანტივირუსული პრეპარატის, ტამიფლუს საკმარისი მარაგი აქვს და აფთიაქებს სწორედ უწყება მოამარაგებს. 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ პრეპარატს უფასოდ ორსულებთან და სოციალურად დაუცველებთან ერთად ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, სასუნთქი გზების დაავადების, ასევე დიაბეტის მქონეები და ონკოლოგიური პაციენტები მიიღებენ. 

"ამჯერად ტამიფლუს ანტივირუსული პრეპარატი ქვეყანაში საკმარისია, თუმცა, 3 ძირითადი არეალიდან - სტაციონარები, სააფთიაქო ქსელები და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები - დეფიციტი ბოლო 2 დღის განმავლობაში შეიქმნა სააფთიაქო ქსელებში. 10 იანვარს შევსება შემოვა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასოდ ამ მედიკამენტს. 

აფთიაქში შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ისინი, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რამე დაავადება, დიაბეტი, ონკოლოგია თუ სასუნთქი სისტემის დაავადებები. ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს. 

ასევე, დღეს საღამოს დასრულდება შეთანხმება სააფთიაქო ქსელებთან და ჩვენ მათაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტის საკმაო რაოდენობას ისე, რომ სააფთიაქო ქსელში დეფიციტი არ შეიქმნას. 

ინფორმაციას, თუ რომელ აფთიაქში იქნება, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან - 15 05.

ასე რომ, ამ მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში საკმარისია და მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ექიმთან დროული მიმართვის საჭიროებას და შესაბამის მკურნალობის დაწყებას", - თქვა დავით სერგეენკომ სპეციალურ ბრიფინგზე. 

ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოში გრიპის - H1N1 ვირუსის გავრცელებამ იმატა. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, ​გრიპის პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.

კომენტარები