იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

ნაცვლიშვილი: სამწუხარო ფაქტი იქნება, თუ იურიდიულ კომიტეტს ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ნაცვლიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი შესაძლო არჩევას, სამწუხარო ფაქტს უწოდებს.

მისი თქმით, ეკა ბესელიას პოზიციის სჯერა, რომ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო დატოვა.

"არ არის მკაფიო ანრი ოხანაშვილის პოზიციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მისი მკაფიო პოზიცია მათ მიმართ არ მსმენია. ეს იქნება ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი, ვიდრე ირაკლი კობახიძის. რადგან ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს ეს, რომ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მისი მჯერა",- ამბობს ნაცვლიშვილი. 

მისი თქმით, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევით დაისაჯა.

"დასჯა გამოვიდა გედევან ფოფხაძის, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე",- აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩიეს თუმცა, გუშინ ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 

კომენტარები