ტურიზმის განვითარება

ბახტაძე: 2018 წელს საქართველოს 8 679 544 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

მამუკა ბახტაძე

2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის პრეზენტაციაზე თქვა. 

პრემიერის თქმით, ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველ დღე იზრდება.

"პირველ იანვარს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და საქართველოს დიდმა მეგობარმა, ფედერიკა მოგერინიმ თავის საახალწლო მიმართვაში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად სწორედ საქართველოს საპატიო სტუმრობა დაასახელა მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტში.

2018 წელს საქართველო უსაფრთხო და ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად დასახელდა მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების და გამოცემების საუკეთესო რეიტინგებში. ასევე საერთაშორისო კვლევითი პორტალის – Numbeo-ს მონაცემებით, 2018 წელს საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებაა და ის რეიტინგში მეოთხე ადგილზე დასახელდა, როდესაც ევროპაში ჩვენ მეორე ადგილზე ვართ",- აღნიშნა ბახტაძემ. 

მისივე თქმით, ტურიზმის წინსვლისთვის საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს. 

"ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018წელს 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია, რაც ასევე რეკორდულია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. ეს არის ხელშესახები შედეგები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანის თვალსაზრისით. 

შესაბამისად, ეს სექტორი, ზრდის კვალდაკვალ, მომავალში კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება. ტურიზმის სექტორი გამორჩეულია იმით, რომ მასში აქტიურად ჩართვა შეუძლია ქვეყნის ყველა რეგიონს, ქალაქსა და სოფელს და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია",- ამბობს ბახტაძე.  

კომენტარები