ეკა ბესელიას გადადგომა

კობახიძე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ გადადგომა მოსამართლეების საკითხს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. 

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ამ შემთხვევაში, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა მან თავისი გადადგომა ამ ყველაფერს. ანუ ლოგიკური საფუძველი აქ რეალურად არ ჩანს.“ - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლეების საკითხი განიხილეს, როგორც საპარლამენტო, ისე პარტიულ ფორმატში, რომელსაც თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა და იმ შემთხთვევაში თუ კანონი არ დაირღვეოდა პროცედურულ ნაწილში, კობახიძის თქმით, ივანიშვილს მოსამართლეების დანიშვნა მიზანშეწონილად მიაჩნდა.  

„რაც შეეხება პროცედურას, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო ის, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლოში, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სასამართლოში 28 მოსამართლიდან მხოლოდ 10 არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ეს ბუნებრივია, აფერხებს საქმეთა სრულ განხილვას უზენაეს სასამართლოში. აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, როგორც მოგეხსნებათ, კანონის დარღვევის პრობლემა არ იყო ამ პროცედურაში – თუ კანონი არ ირღვეოდა ამ შემთხვევაში, მას მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება უშუალოდ კანდიდატებს, თითოეული კანდიდატი უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად და დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ. ეს იყო საერთო პოზიცია. მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ამ პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ, დაფიქსირდა პოზიცია, რომ შესაძლებლად მიაჩნდა იუსტიციის საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ იყო ობიექტური პრობლემა უზენაეს სასამართლოში." - ამბობს კობახიძე.

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან დღეს გადადგა და თქვა, რომ "ამ გადაწყვეტილებით გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც მიმაჩნია, იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს."

თანამდებობიდან გადადგა მისი მოადგილეც ვანო ზარდიაშვილი. ბესელიამ თქვა, რომ ზარდიაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვერ დატოვებდა და სწორედ მის განცხადებას ელოდებოდა გადადგომის შესახებ, სანამ თავად წავიდოდა თანამდებობიდან. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.

მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა გუშინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.  

კომენტარები