ლევან მურუსიძე

მურუსიძე: სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არსებობს, ლიდერი მე ვარ

ლევან მურუსიძე
ლიბერალი

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა არ არსებობს. 

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გასაუბრებაზე თქვა, სადაც მისი უვადოდ დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყდეს. 

მურუსიძეს კრიტიკული კითხვებს საბჭოს არამოსამართლე წევრები უსვამენ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

ჯანეზაშვილის კითხვაზე სასამართლო სისტემაში კლანის შესახებ მურუსიძემ უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ არსებობს, ამასთან, "სასამართლოში ლიდერი ის არის". 

"ჩინჩალაძესთან დაკავშირებით კლანის თემა ისეთივე მართალია, როგორც ის, რომ პროკურორის მოადგილეობის დროს ჩინჩალაძემ დუმილის უფლება გამოიყენა. 

ამაზე სერიოზული ადამიანები საუბრობენ, უმაღლესი განათლებით. იქნებ დაასახელოთ მოსამართლე, რომლის პროცესზეც გამოიყენა ის, იქნებ ადვოკატი მოიძიოთ, რომელიც ამ სხდომას, პროკურორი, მოწმე, ბრალდებულის გვარი დასახელდეს იქნებ. აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ სასამართლოს ლიდერობა მე ავიღე ჩემ თავზე მაშინ, იმიტომ რომ საბჭოს მდივანი ვიყავი და ახლაც ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, შეგიძლიათ კითხოთ, ლევან მურუსიძე არის თუ არა კლანის წევრი და შესაბამისად, აძალებს თუ არა რამეს ამ მოსამართლეებს და რატომ ვართ ხოლმე ერთ აზრზე, როცა საქმე სასამართლოს დამოუკიდებლობას, მის განვითარებას და პროგრესს. 

აქედან გამომდინარე, სასამართლოს ლიდერი, პირდაპირ გეუბნებით, ახლა, აი ამ თემებში, ვარ მე, ლევან მურუსიძე. ამიტომ, ჰკითხეთ მოსამართლეებს, რა საშუალებით და ხერხებით - დაშინებით - შიში აქვთ ლევან მურუსიძის მიმართ რამე, რომ ესენი ერთ აზრზე და ერთ პოზიციაზე არიან, რამის გაკეთებას აიძულებს ლევან მურუსიძე? ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კლანზე საუბარი არის უსაფუძვლო", - თქვა მურუსიძემ

ლევან მურუსიძე ახლა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა, არა უვადოდ დანიშნული. წარსულში ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც იყო, ასევე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 

მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება.

რაც შეეხება კლანს, რის შესახებაც საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ - ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს მიხეილ ჩინჩალაძეა. ჯანეზაშვილი, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩინჩალაძე სხვა მოსამართლეებთან შედარებით გაცილებით ნაკლები საქმე აქვს განხილული, ამასთან, ჯანეზაშვილის თქმით, "ის პრივილეგიებით სარგებლობს და სასამართლო სისტემაში ერთგვარი შეფია. ის წლების განმავლობაში კუბლაშვილის მოადგილე იყო და 10 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ საქმეებს მაშინაც არ იხილავდა. იმ პერიოდში კუბლაშვილი ერთგვარი ბუტაფორია იყო იმ თვალსაზრისით, რომ სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი გავლენები ჰქონდა. დღეს, ამ ადამიანს ეს გავლენები დარჩა და ბრუნდება უზენაეს სასამართლოში, რომ მართოს სისტემა. ეს არის ადამიანი, რომლის ირგვლივაც შემოკრებილი კლანის დანარჩენი წევრები. ის იძლევა ბრძანებებს და ის არის მთავარი პერსონა. ესენი გადაწყვეტილებებს მის გარეშე არ იღებენ".

კომენტარები