კერზაიას შვილი იმ ანონიმურ წერილს აქვეყნებს, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, შვილი ადვოკატი ბაჩანა შენგელია Facebook-ზე იმ ანონიმურ წერილს აქვეყნებს, რომელზე დაყრდნობითაც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თქმით, სკოლაში სამინისტროს ინსპექტორების ჯგუფი შეუშვეს. 

ბაჩანა შენგელია წერს, რომ წერილი გაყალბებულია და მე-20 საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო პრაქტიკით არის შესრულებული. 

"აქედან დაიწყო სისხლის სამართლის დანაშაულების მთელი ჯაჭვი, რომელიც დიდი ალბათობით, დღესაც გრძელდება. პირობას გაძლევთ, რომ ყველა ის პირი დაისჯება, რომელსაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის ამ საქმეში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იას სიცოცხლის გზა კი მომავალში მაინც აუცილებლად გადაარჩენს არაერთ ადამიანს და მათ ჯანმრთელობას ხელყოფისგან. ამ საქმის ობიექტური გამოძიება ნისნავს, რომ მომავალში არავის არ გაუჩნდება ცდუნება, ჩაიდინოს მსგავსი ტიპის დანაშაული და სკოლა პოლიტიკური თამაშების ადგილად გამოიყენოს. გამოიძიე ღირსების საქმე!" - წერს ფოტოს თანდართულ აღწერაში ბაჩანა შენგელია. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

კომენტარები