ეროვნული ბანკი

სებ-მა კიდევ 20 მლნ აშშ დოლარი იყიდა, გვენეტაძის თქმით, არსებული რეზერვები არაადეკვატურია

Reuters

2018 წლის 24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა კიდევ 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6617 შეადგინა.

ეს 2018 წლის რიგით მეთხუთმეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $180 მილიონი შეისყიდა.

ლარს ორ თვეზე მეტია, გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს, ასევე 10 დეკემბერს, 10-10 მლნ დოლარი შეისყიდა, ხოლო 12 დეკემბერს და 19 დეკემბერს - 15-15 მილიონი დოლარი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, შესყიდვებმა შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში "რაიმე გავლენა" იქონიოს ლარის კურსზე, თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გავლენას არ ახდენს. მისი აზრით, "დღევანდელი ეკონომიკისათვის ის რეზერვები, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს, არ არის ადეკვატური, არ იცავს მას პოტენციური რისკებისგან, ამიტომ, საჭიროა ამ რეზერვების დაგროვება".

კომენტარები