გახარია პარლამენტში

ბოკერია გახარიას: არავის სჯერა თქვენი არც ერთი განცხადების, რომ რამეს გამოიძიებთ

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ნაწყვეტი გააცნო ჩანაწერიდან, რომელშიც ჩანს, რომ პარტიის აქტივისტს დაკავებით ემუქრებიან, თუ ის ქართული ოცნების რიგებში არ გადაინაცვლებს. 

ბოკერიამ გახარიას სთხოვა, დადოს პირობა, რომ ამ საკითხს აუცილებლად გამოიძიებს. შს მინისტრმა ეს პირობა დადო. 

"თქვენ ალბათ გაეცანით ყველაზე მთავარი საერთაშორისო მისიის დასკვნას არჩევნების შემდეგ, ძალიან მძიმეს საქართველოსთვის, არა მხოლოდ მთავრობისთვის - საქართველოსთვის, სადაც ერთ-ერთ გამორჩეულ პრობლემად დასახელებულია ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების შიში ამომრჩევლებისათვის, როგორც ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი არჩევნები. თქვენ, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ძალიან გარკვევით და გაბედულად გვითხარით, რომ ყველაფრის გამოძიება მოხდება, სადაც რამე საფუძველი არსებობს ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას იზამს. მე მინდა ვისარგებლო შემთხევით და ძალიან მცირე ტრანსკრიპტი წაგიკითხოთ აუდიოჩანაწერების, რომლებიც ჩვენ აბსოლუტურად კანონიერად ჩაგვივრდა ხელთ - ჩვენმა აქტივისტმა ჩაიწერა მასზე ზეწოლა, ბატონო მინისტრო. 

- მაგარ შარში გახვეული, ვიცი, ეგ 2 ნომერი რაც არის, არანაირი შანსი არ გაქვთ მოგების. 

ჩვენი აქტივისტი ეკითხება:

- გუშინ რომ მეუბნებოდი, შენს დაჭერაზეა ლაპარაკიო, თქვენთან რო გადმოვიდე, მაინც დამიჭერენ? საიდან მოიტანე, რომ ჩემ დაჭერას აპირებენ.  

- დასაჭერი ხალხის სიაზე მელაპარაკნენ, რო იცოდე. შენც მანდ ხარ, სოფლების მაჟორიტარები, ერთი-ორი შენი აქტივისტი, შენთან იმიტო მოვედი, რომ დროზე აზრზე მოვიდე და ბავშვები უპატრონოდ არ დატოვო. ჩვენთან თუ გადმოხვალ, ბიჭო, ყოველდღე კარგ ამბავში ვიქნებით. ჩვენ პლანს ვეწევით. პოლიცია თავიდან გვაწუხებდა, დასაწერად მოდიოდა ხოლმე, ერთხელ მანქანაში დაგვიჭირეს. მერე მივედით სავალანასთან (იგულისხმება თქვენი დეპუტატი, ბატონი სავალან მირზოევი. ის დაელაპარაკა პოლიციას და ამის მერე ჩვენ ხელს არავინ აღარ გვკიდებს. შვილები უპატრონოდ არ დატოვო, გადმოდი ჩვენთან.

 -მე რა დავაშავე, დასაჭერი რო ვარ.

- როგორ რა დააშავე, აქციებზე ყოველდღე აქტივობა გაქვს და მთავრობას უპირისპირდები

ეს პატარა მონაკვეთია, ამის ჩანაწერი გვაქვს, ბატონო გიორგი და გვინდა, რომ მოგაწოდოთ. მითხარით, შეგიძლიათ თუ არა პარლამენტის წინაშე, საჯაროდ დაგვპირდეთ, რომ ამ საქმეს სერიოზულად გამოიძიებთ, პირად კონტროლზე აიყვანთ. შეგიძლიათ, ხო. მადლობა, რომ გვპირდებით", - თქვა ბოკერიამ. 

თუმცა, როგორც გაირკვა, ეს ჩანაწერი არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდის, არამედ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის დროინდელია და ამ საკითხზე ევროპული საქართველოს აქტივისტმა პოლიციას ჩვენებაც კი მისცა, თუმცა, დამნაშავეები არ დასჯილან. 

"ახლა რა ხდება იცით, ბატონო გიორგი, რომ დაგვპირდით აქ აშკარა გამოხატულებით, რომ ამას სერიოზულად გამოიძიებდით - ეს ამბავი 1 წლის წინანდელი ამბავია. წინა არჩევნების ამბავია. ამბავზე ბრიფინგი ჩავატარეთ, ეს კაცი პოლიციაში მოვიდა, ჩვენება მისცა და იცით, რითი დამთავრდა ეს ყველაფერი? - არაფრით. ამ კაცს მოუწია საქართველოდან წასვლა. ვინც გაბედა და ჩაწერა და პოლიციასთან ითანამშრომლა. ხვდებით ახლა, რატომ არ სჯერა არავის თქვენი არც ერთი დღევანდელი განცხადების, რომ რამეს გამოიძიებთ. 

სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ და თქვენს ხელისუფლებას: ერთი არის სრული იგნორირება, როგორც კორცხელში პოლიციელების ცემაზე იყო. გამოძიებაც არ დაგიწყიათ იმ პოლიციელების ცემაზე, ვინც მაშინ მოქალაქეებს იცავდა, ამ შემთხვევაში ჩვენ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. 

მეორე: თუ აღშფოთება დიდია, შეიძლება გამოძიება დაიწყოთ, რომელიც არასდროს დამთავრდება და

მესამე: თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავი მოხდა, როგორც ის, რომ მარნეულის გამგებელმა აიძულა ადამიანი, შარდი სახეში შეეზილა, დაიჭიროთ დროებით და მერე გამოუშვათ", - თქვა ბოკერიამ.

შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

გიორგი გახარია პარლამენტში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტის წევრი, მოსმენის მოთხოვნით საკნონმდებლოორგანოს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტი მას მოთხოვნისთანავე უსმენს. 

ასევე, რამდენიმე დღის წინ, 16 დეკემბერს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო, გახარია ევროპულმა საქართველომ პარლამენტში დაიბარა. 

კომენტარები