დაპირისპირება კახეთში

16 დეკემბრის დაპირისპირება კახეთში - პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის 58 წლის ქალი დააკავეს

ტაბულა

სამართალდამცველებმა კახეთში პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად მომხდარი ინციდენტის გამო, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 58 წლის ქალმა სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა" - აცხადებს შსს.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მეორე დღეს დააკავეს ენმ-ის წევრი დავით კირკიტაძე, ხოლო 18 დეკემბერს 1986 წელს დაბადებული ვ.მ. შსს-ს მტკიცებით, დაკავებული დავით კირკიტაძესთან ერთად დაესხა თავს ავტომანქანაში მყოფ პოლიციელს. 

გარდა ამისა, ოპოზიციის მხარდამჭერზე ძალადობისთვის ორი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს.

კომენტარები