სახალხო დამცველი

ლომჯარია გახარიას: პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა

სახალხო დამცველის აპარატი

მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შს მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც ომბუდსმენს მოუწოდა, ზოგჯერ სამართალდამცველების უფლებებზეც ეზრუნა. 

ლომჯარია გახარიას Facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული და "ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა".

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება უფრო დაცული იქნებოდა. 

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა გუშინ შსს-ს მომიტინგეთა თავისუფალი გადაადილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები, თელავში დაგეგმილ აქციაზე მისვლას გეგმავენ, თუმცა გზა ჩაკეტილი დახვდათ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები