თბილისის მერია

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, სადაც, ასევე, საახალწლო სოფელი მოეწყობა და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა დღეიდან ტრადიციად იქცევა.

გუშინ ღამით, ნაძვის ხის მონტაჟის პროცესს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად დაესწრო. კახა კალაძემ მოქალაქეებს 22 დეკემბერს, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

"მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. საახალწლო სოფელიც აქვე განთავსდება. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 22 დეკემბერს გაიმართება და საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება. მინდა, მოვუწოდო ყველას, პატარებთან ერთად მობრძანდნენ და ერთად ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე", - თქვა კალაძემ.

მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საახალწლო ღონისძიება გაერთიანდება.

"წელს ძალიან საინტერესო კონცეფცია გვაქვს - რესპუბლიკის მოედანზე ერთიანდება მთავარი ნაძვის ხე, საახალწლო სოფელი და გალაკონცერტი, რაც ტრადიციულ სახეს მიიღებს. რაც შეეხება ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას, ის საკმაოდ მასშტაბური იქნება. დადგმის ავტორია ნიკუშა შველიძე, ხოლო მუსიკა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დაიწერა, მიშა მდინარაძეს ეკუთვნის. ღონისძიებაში არაერთი მსახიობი და მუსიკოს-შემსრულებელია ჩართული. გალა კონცერტს მუსიკალურად, ასევე, 82 არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ბავშვი გააფორმებს", - თქვა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო სოფელი მოქალაქეებს 28 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, წინა წლების მსგავსად, ნაძვის ხის დადგმა რუსთაველის გამზირზე იგეგმებოდა, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციას მართავენ. მერიამ მათ მიმართა, შეეცვალათ აქციის ადგილი.

ზაზა სარალიძის თქმით, მან 1 ნოემბერს მიმართა მერიას აქციის გაგრძელებასთან და კარვების განთავსებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ კი მიიღო წერილი, რომ 7 დეკემბრიდან ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება. სარალიძე ამბობდა, რომ ამ მოთხოვნის გათვალისწინებას არ აპირებდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მხარდასაჭერად პეტიციაც შეიქმნა, რომლის სახელწოდებაა "უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს". ავტორები თბილისის მერიას მიმართავენ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერია ნაძვის ხის განთავსების ადგილის შეცვლას გეგმავს, ზაზა სარალიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნაძვის ხის რუსთაველზე დადგმის წინააღმდეგი არაა, ბავშვებისთვის ხელის შეშლას არ აპირებს და პირიქით, ეცდებოდა ღონისძიებაში ჩართულიყო და ბავშვები გაერთო.

კომენტარები