არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობა

გლდანში 30 წლამდე კაცმა, სავარაუდოდ, არასრულწლოვან გოგოებზე ძალადობა სცადა

რუსთავი 2

გლდანის მცხოვრებლების თქმით, 30 წლამდე კაცმა არასრულწლოვან გოგონების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. 

როგორც ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი რუსთავი 2-თან ყვება: 

"პირველად შემოყვნენ 15 წლის გოგოს. დედამისმა დაინახა, რომ მის შვილს ვიღაც ძალიან ახლოს მიყვებოდა და დაუძახა, არ შემოსულიყო სადარბაზოში, ვითომ მაღაზიაში ჰქონდა საქმე. ჩამოვიდა დედამისი, ამ დროს ეს პიროვნება უკვე ლიფტთან იდგა, შემდეგ გაიქცა". 

"30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი", - უყვება ტელეკომპანიას ერთ-ერთი გოგო.

რუსთავი 2-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავემ ძალადობა 7 წლის გოგოზეც სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, პოლიციას 12 დეკემბერს მომართა 1993 წელს დაბადებულმა ქალმა, რომელმაც თქვა, რომ უცნობი მამაკაცი აედევნა და მის საცხოვრებელ სადარბაზოში მასზე ძალადობა სცადა.

"მომხდართან დაკავშირებით ჩატარდა გამოკითხვები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებს შსს. 

უწყების ცნობით, პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველო გლდანში სექსუალური ხასიათის ადევნების და გარყვნილი ქმედების ფაქტებს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 141-ე (გარყვნილი ქმედება) მუხლებით იძიებს.

შსს-სვე ცნობით, პოლიციას გლდანის მე-7 მკ/რ-იდან არასრულწლოვანზე ადევნების შესახებ შეტყობინება არ მიუღია. 

კომენტარები