ინტელექტ-კლუბის დეპუტატი წევრები კერზაიაზე: უმოკლეს ვადაში უნდა დადგინდეს იყო თუ არა ზეწოლა

"განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში," - ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? დეპუტატი წევრები ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ია კერზაია ასევე ინტელექტ-კლუბის წევრის ბაჩანა შენგელიას დედაა. კლუბის წევრები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და ამბობენ, რომ საზოგადოებაში გაჩენილ კითხხვებზე პასუხის გაცემა მათთვის "პრინციპულ აუცილებლობას წარმოადგენს".

"მიგვაჩნია რომ უმოკლეს ვადებში (მაქსიმალური ვადა - 1 თვე), შესაბამისმა უწყებამ უნდა ჩაატაროს გამოძიება, რომელიც დაადგენს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლას და ასეთის დადგენის შემთხვევაში, დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ამავე დროს, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რატომ მოხდა მოქალაქის წერილის საფუძველზე ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ინსპექტირება მაინც და მაინც საარჩევნო პერიოდში, სახელდობრ პირველ და მეორე ტურებს შორის. ვთვლით, რომ სამინისტროს მიერ უკვე გამოქვეყნებული განცხადება არასაკმარისად პასუხობს ამ შეკითხვას.

პასუხგაუცემელი კითხვები ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის განცდას და აჩენს უნდობლობას სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი პოზიცია გაზიარებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში და მოყვება დროული რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან." - წერია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს ოთხი დეპუტატი აწერს: გიორგი მოსიძე, გედევან ფოფხაძე, ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძე.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, გუშინ გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს. 

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და „სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

კომენტარები