ოთო კახიძე

კახიძე: ევროსაბჭო დარწმუნდება, რომ მერაბიშვილის საქმეზე მთავრობას პოლიტიკური მოტივები აქვს

parliament.ge

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მთავრობას ხელახალი გამოძიებისაკენ მოუწოდა. ამ თემაზე ტაბულა პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს ესაუბრა:

"მინისტრთა კომიტეტმა დაავალა გამოიძიოს ციხიდან გაყვანა და მთავარი ამ გამოძიებაში არის ორი საკითხი. ერთი რომ უნდა დადგინდეს ხომ არ იყო კავშირი მერაბიშვილზე განხორციელებულ ზეწოლასა და მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენებთან. მეორე - ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება სისხლის სამართლებრივი დევნით, კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემით.

პირველი საკითხი, რომელიც ეხება სხვა საქმეებთან კავშირის დადგენას არის პრაქტიკულად მერაბიშვილის მარეაბილიტირებელი საფუძველი სამომავლოდ, ვინაიდან ფარცხალაძის მუქარა, რომ თუ მერაბიშვილი არ ითანამშრომლებდა ყოფილი პრეზიდნეტის წინააღმდეგ, მას მიუსჯიდნენ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, იქნა სისრულეში მოყვანილი. ამიტომ მისი გაყვანა და მასზე ზეწოლა არის პირდაპირ კავშირში იმ განაჩენებთან. ამის გამოძიება დაავალა მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას.

ამ დასკვნას რეალურად ვერ მოყვება შედეგი, ვინაიდან მთავრობას პოლიტიკური ნება არ აქვს ამ გამოძიების ჩასატარებლად. ამის რეალური შედეგი იქნება ის, რომ ექვსი თვის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივაცია ამოძრავებდა. მთავრობის ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰყავდეს მერაბიშვილი იზოლაციაში. ამ შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტმა, ჩემი აზრით, არასაჭიროდ, მაგრამ მაინც მისცა კიდევ ერთი შანსი 6 თვის ვადით რომ მთავრობამ აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ მას სხვა მოტივები არ აქვს მერაბიშვილის საქმესთან. თუმცა, მინისტრთა კომიტეტი დარწმუნდება, ამ ექვსი თვის გასვლის შემდეგ, რომ რეალურად ეს მოტივები სახეზეა და უნდა მოითხოვოს მისი გათავისუფლება." თქვა მან.

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დასკვნაში კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ დაირღვა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან არ არსებობდა მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი და ამავე დროს პატიმრობის დროს მისი უფლებები დაარღვია მთავარმა პროკურორმაც, რომელიც მასზე სხვა საქმეების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ზეწოლას ახდენდა.

კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს ჩაატაროს ხელახალი გამოძიება, რომელიც იქნება ინსტიტუციონალურად და პრაქტიკულად დამოუკიდებელი მონაწილე პირებისგან და გააფართოვოს გამოძიების არეალი, რათა დადგინდეს ვანო მერაბიშვილის მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო გავლენა მის წინააღმდეგ წარმოებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ საკითხს დაუბრუნდება არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივნისისა.

კომენტარები