არჩევნები 2018

გაბუნია: ვადასტურებ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად, ჩემი კანდიდატურა განიხილება

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ადასტურებს, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს. 

"დღეის მდგომარეობით ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით. ვადასტურებ, რომ განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ბუნებრივია აუცილებლად გაცნობებთ",- ამბობს გაბუნია.

ინფორმაცია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად გაბუნიას დანიშვნაზე, გუშინ გავრცელდა. 

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანი უფლებების დამცველია. 

CIDA-ს​​ უკვე ყოფილი ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროებაში 10-მდე ქალი ადანაშაულებს. საქმეების ნაწილს სწავლობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გადაწყვეტილება 2 ნოემბერს გახდა ცნობილი - 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში, ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამოჩნდა. მან პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. დევდარიანმა ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის და მისი ადვოკატის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

კომენტარები